SMOG at Elektrowerk – თბილისში ახალი ივენთების სერია იწყება
უკვე შეუიარაღებელი თვალითაც მშვენივრად ჩანს თუ როგორ სწრაფად იზრდება და მრავალფეროვნდება საქართველოში ელექტრონული მუსიკის სცენა. წლევანდელ ზაფხულში რამდენიმე ახალი ფესტივალი ჩატარდა. თბილისში უკვე გაიხსნა პირველი ფირფიტების მაღაზია. ამ თვის ბოლოს კი დედაქალაქი კიდევ ერთ ახალ და საინტერსო ვენიუს შეიძენს. საბჭოთა დროინდელი ქარხნის შენობაში, რომელიც კომპანია „Professional Lights and Sound Georgia“-ს ეკუთვნის, გაიხსნება ახალი სივრცე სახელად Elektrowerk. ეს იქნება ვენიუ, რომელიც სხვადასხვა სახის ღონისძიებებს უმასპინძლებს, მათ შორის ყოველთვიურ ტექნო-ფართისაც საკმაოდ სახასიათო სახელწოდებით – SMOG.
თავად სივრცის სახელი Elektrowerk ასოციაციურად 90-იანი წლების ბერლინის ცნობილი ტექნო-კლუბისა და კულტურული ცენტრის E-Werk-ისკენ გვიბიძგებს. თუმცა იგი თავად შენობის წარსულიდანაც მოდის. თავის დროზე ქარხანას საქართველოს ელექტრო მანქანა ერქვა და მასში ელექტრო ძრავებს ამზადებდნენ. ვენიუს სულისჩამდგმელთა თქმით, Elektrowerk-ის შექმნის პირველი იმპულსი მათ სწორედ პირქუშმა, ინდუსტრიული ელფერის მქონე შენობამ მისცათ. საგულისხმოა, რომ SMOG-ის უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ვენიუს ხმისა და აკუსტიკის ხარისხს. მათი თქმით, Elektrowerk-ს ექნება სამართლიანი პრეტენზია ქალაქში ერთ-ერთ საუკეთესო საუნდზე.
რაც შეეხება თავად SMOG-ის მუსიკალურ პროგრამას, იგი ძირითადად ტექნოსა და ექსპერიმენტალური ელექტრონული მუსიკის შემსრულებელებით დაკომპლექტდება. SMOG-ის სტუმრებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ, როგორც საერთაშორისოდ სახელგანთქმულ, ისე ნაკლებად ცნობილ არტისტებს როგორც ლოკალური ისე საზღვარგარეთის სცენებიდან. ორგანიზატორთა თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუმრებს მუდამ რაღაც სიახლე შესთავაზონ. ამიტომ სივრცის განათება და ვიზუალური გაფორმებაც ხშირად შეიცვლება კონკრეტული ივენთის ხასიათისა და მუსიკალური შინაარსის მიხედვით. ვენიუს ექნება მკაფიოდ განსაზღვრული კარის პოლიტიკა, რომელიც პუბლიკის სელექციით ივენთებზე შეძლებისდაგვარად სასიამოვნო და კონფორტული გარემოს შექმნას შეეცდება.